ირანი ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს

05 მარ 2026

აზერბაიჯანმა ირანი გააფრთხილა, რომ ამზადებს  საპასუხო ზომებს მას შემდეგ, რაც ორმა ირანულმა დრონმა გადაუფრინა მის საზღვარს და ნახიჩევანის ანკლავში ოთხი ადამიანი დაჭრა. „ეს თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ იძიებს თავდასხმაში გამოყენებული დრონების ტიპებს და „ამზადებს საპასუხო ზომებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად და მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ, უარყო, რომ თეირანმა ნახიჩევანი დაბომბა. „ჩვენ არ ვესხმით თავს ჩვენს მეზობელ ქვეყნებს“, - განუცხადა მან აზერბაიჯანულ მედიას. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  მოითხოვა, რომ ირანმა „უმოკლეს დროში წარადგინოს ახსნა-განმარტება და მიიღოს აუცილებელი სასწრაფო ზომები, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი ინციდენტების განმეორება მომავალში“.

ინციდენტთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გადაეცა ირანის ელჩს აზერბაიჯანში. აზერბაიჯანსა და ირანს უკვე დაძაბული ურთიერთობა აქვთ ბაქოს მზარდი ეკონომიკური, ენერგეტიკული და სამხედრო კავშირების გამო ნატოს წევრ თურქეთთან და ისრაელთან.

აზერბაიჯანის თქმით, ერთი დრონი ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობას დაეცა, რომელიც ირანის საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო მეორე დრონი ახლომდებარე სოფელში სკოლის შენობასთან ახლოს ჩამოვარდა.