აზერბაიჯანი მკაცრად გმობს ამ ტერორისტულ აქტს, პასუხისმგებელი პირები დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯონ - ილჰამ ალიევი

05 მარ 2026

ირანმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი ჩაიდინა - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიას. სამიზნე გახდა სამოქალაქო ობიექტები. ირანის მხდალი ცეცხლის ქვეშ მოექცა ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტი, მისი ტერმინალი, სკოლა და სხვა ობიექტები. აზერბაიჯანი მკაცრად გმობს ამ ტერორისტულ აქტს, პასუხისმგებელი პირები დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯონ. ირანის ოფიციალურმა პირებმა უნდა განუმარტონ აზერბაიჯანულ მხარეს მომხდარი, მოუხადონ ბოდიში, ხოლო ამ ტერორისტულ აქტში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა ალიევმა.

ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმას აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო ტერორისტული აქტი და აგრესია უწოდა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს დაევალა, მოამზადოს და განახორციელოს საპასუხო ზომები.

„ჩვენ ამას არ დავუშვებთ და არც მანამდე არასდროს დაგვიშვია. აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა და არც მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღდმეგ ოპერაციებში. ეს არის ჩვენი პოზიცია, რადგანაც აზერბაიჯანი არ არის დაინტერესებული რაიმე ოპერაციების წარმოებით მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, ჩვენი პოლიტიკა ამას არ დაუშვებს. ჩვენ ვიცავდით და დავიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ტერორისტული აქტი, რომელიც ირანმა ჩაიდინა, ყველა სხვა ფაქტორთან ერთად, წარმოადგენს ირანის უმადურობის მაგალითს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ალიევის თქმით, მომხდარის გამო აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები, თავდაცვის სამინისტრო, სასაზღვრო სამსახური და სხვა სპეციალური დანაყოფები მობილიზებულია და უნდა იყვნენ მზად ნებისმიერი ოპერაციის ჩასატარებლად.