თურქეთში საქართველოს ელჩის შეხვედრები ტრაპიზონში

05 მარ 2026

ტრაპიზონის გუბერნატორსა და ქალაქის მერს შეხვდა დღეს საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში. არჩილ კალანდიამ შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, რომ ტრაპიზონი პირველი ქალაქია, სადაც საქართველომ საკონსულო გახსნა და ხაზი გაუსვა თურქეთ-საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობაში მის როლს.

რაც შეეხება საუბრის ძირითად თემებს, ამჯერადაც განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და სხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობა. შეხვედრაზე აღინიშნა თურქეთ-საქართველოს შორის არსებული 3 მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა, რაც მხარეების განცხადებით, კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. 

საქართველოს ელჩის განცხადებით, ამ პროცესში თურქეთის შავი ზღვის რეგიონის ქალაქების, მათ შორის ტრაპიზონის როლი მნიშვნელოვანია. დღევანდელ ოფიციალურ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და ამ ფონზე საქართველო-თურქეთის ერთიანობასა და მჭიდრო თანამშრომლობას. 

არჩილ კალანდია ტრაპიზონის გენერალურ საკონსულოში ტრაპიზონის ახლადგახსნილი ქართული ასოციაციის  წარმომადგენლებსაც შეხვდა.