04 მარ 2026
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილეს. საკანონმდებლო ცვლილებები, სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარადგინა.
საკანონმდებლო პაკეტი „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებსა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს. ინიციატივის მომზადება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილების შესახებ“ კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლის შედეგად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოეყო კულტურის მიმართულება და შეიქმნა ახალი - კულტურის სამინისტრო.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მინდია დიასამიძე არიან.