ხელისუფლების მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ჩვენი ქვეყანა იყოს ღირსეული, ჰქონდეს თავისი ადგილი და გაიზარდოს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა - თორნიკე ფაღავა

04 მარ 2026

ჩვენი ქვეყნის ოპონენტები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მუდმივად აპელირებენ, თითქოსდა ქართული სახელმწიფო, ქართული ეკონომიკა, ქართული ფინანსური სექტორი ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პირობებში ვერ განვითარდება და მეტიც, მუდმივად აპოკალიფსს პროგნოზირებენ. ამის საპირისპიროდ, მეტი თვალსაჩინოებისთვის, მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავაცნო ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგების შედეგები, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქციის „ქართული ოცნების“ წევრმა თორნიკე ფაღავამ.

მისი თქმით, მსოფლიო კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსში საქართველო ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ნატოს წევრ 10 და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანა უსწრებს. ჩანდლერის ინსტიტუტის 2025 წლის კვლევით, საქართველოს მთავრობა გამჭვირვალობის ინდექსით მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, ევროპაში კი მეცხრეზე. მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2025 წლის ინდექსით, საქართველო 8 ადგილით დაწინაურდა და 165 ქვეყანას შორის 25-ე ადგილზეა, უსწრებს ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას.

ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ სასამართლო სისტემის ეფექტიანობის 2025 წლის ინდექსით, საქართველო რეგიონში უპირობო ლიდერია, უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 4 ქვეყანას, ასევე, ყველა კანდიდატ ქვეყანას.

„საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველომ 500 მილიონი დოლარის ევრობონდები გამოუშვა და საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან 5,5-ჯერ მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. ეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად საშუალოდ 9,2%-ით იზრდებოდა და ამ მაჩვენებლით ევროპის ყველა სახელმწიფოს ვუსწრებთ. 2025 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ხელშეკრულება გააფორმა მსოფლიო დეველოპერულ გიგანტთან, „EMAAR ჯგუფთან“ და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყანაში უპრეცედენტო, 6,5 მილიარდიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოდის.

ევროსაბჭომ ოფიციალურად სთხოვა ჩვენს ხელისუფლებას, გავუზიაროთ გამოცდილება უცხოური ძალების გავლენასა და ჩარევასთან ბრძოლის მიმართულებით. დღეს უკვე საზოგადოებისთვის ნათელია, რომ მთელი ის პროპაგანდისტული ნიაღვარი „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, პოლიტიკური ინსტრუმენტი იყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა დემოკრატიასთან. ასევე, საზოგადოებას მინდა შევახსენო ოპოზიციის მთელი კამპანია ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, თითქოს საქართველო დავტოვეთ თამაშგარე მდგომარეობაში და ქვეყანამ გეოპოლიტიკური როლი დაკარგა. ევროკომისიის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველო უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება ევროკავშირის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ერთადერთი გზაა.

ენერგეტიკული ბაზრების დაკავშირებადობის საქმეში მთავარი სტრატეგიული ნაბიჯია საქართველოდან რუმინეთამდე დაგეგმილი ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელი.

საქართველომ, შიდა თუ გარე უპრეცედენტო ტურბულენტობისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის პირობებში, ურთულესი წლები გამოიარა. საქართველოში რომ ერთი ტყვია გავარდნილიყო, უალტერნატივო დერეფნის ნაცვლად უალტერნატივო საბრძოლო პოლიგონი ვიქნებოდით. თითოეული ეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ხელისუფლების თანმიმდევრული, გათვლილი და უალტერნატივო საგარეო, საშინაო და ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე, რომელიც ემსახურებოდა და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. თითოეული ნაბიჯი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან გადაიდგა, მიმართულია იმისკენ, რომ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, ახალ მსოფლიო ეკონომიკურ დღის წესრიგში, ჩვენი ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, იყოს ღირსეული, ჰქონდეს თავისი ადგილი და გაიზარდოს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა“, - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.