საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს, მინდა სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის - ირაკლი კობახიძე

04 მარ 2026

ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენს გარშემო და მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძის თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შედგა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემაზე, რომელიც უკავშირდება ორი ქვეყნის თანამშრომლობას.

„მსურს კიდევ ერთხელ მივესალმო ჩემს სომეხ კოლეგას, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთის  დელეგაციას საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა, სადაც წარმოდგენილი იყვნენ შესაბამისი მთავრობების წარმომადგენლები, მინისტრები. შედგა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემაზე, რომელიც უკავშირდება ორი ქვეყნის თანამშრომლობას. ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენს გარშემო და მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს შორის  თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს.

„ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა, ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის. ამას ეფუძნება ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არის დამყარებული საქართველოსა და სომხეთს შორის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს თანამშრომლობის მაღალი დონე, თუმცა, არსებობს მუდმივი ინტერესი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ტრადიციული მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. ეს თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. დღეს, კომისიის სხდომაზეც მადლობა გადავუხადე ჩვენს მეგობრებს გაეროში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო-სომხეთს შორის არის მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და, ამ თვალსაზრისით, სომხეთი საქართველოს პარტნიორების ათეულშია.

„ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა. სავაჭრო დონის თვალსაზრისით, სომხეთი არის საქართველოს პარტნიორების ათეულში, რაც შეეხება ტურიზმსა და ვიზიტორებს, ამ კუთხით, სომხეთი სამეულში იკავებს ადგილს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენთვის ძალიან ღირებულია თანამშრომლობის ეს ასპექტი, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ტურიზმის მიმართულებით გაცვლა. მოხარულნი ვართ, რომ ტურიზმის მიმართულებით არის სულ უფრო მზარდი ინტერესი საქართველოს მოქალაქეებში, ესტუმრონ სომხეთს და მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ, ამ კუთხით, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას,“- აღნიშნა პრემიერმა.