თურქეთში საქართველოს ელჩის შეხვედრები

03 მარ 2026

საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში დღეს ქალაქ უნიეს მერს შეხვდა. უნიე შავი ზღვისპირა ქალაქია, სადაც მუჰაჯირების შთამომავლები ცხოვრობენ. თავად მერიც, ჰუსეინ თავლი წარმოშობით ქართველია.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო- თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და შავი ზღვის რეგიონის როლზე ისაუბრეს. არჩილ კალანდიას თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაში   შავი ზღვისპირეთის როლი მნიშვნელოვანია და ის უნდა გაძლიერდეს. ასევე როგორც ელჩი ამბობს საჭიროა დაბალანსდეს იმპორტ-ექსპორტი.

მეზობელი ქვეყნების აქტიურ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი უნიეს მერმაც. მისი განცხადებით, უკვე ძლიერი და მყარი კავშირია ქართველ  ბიზნესმენებს შორის.  მისი თქმით, ორივე მხარეს აქვს საშუალება როგორც თურქეთის ისე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოონ ბიზნესი, რისგანაც ეკონომიკურ სარგებელს იღებენ. შეხვედრას ტრაპიზონის გენერალური კონსული, უნიეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე და თურქეთ- საქართველოს ბიზნეს საბჭოს  თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ კალანდია დელეგაციის წევრებთან ერთად “აჭარის ქართველთა მეგობრობისა და კულტურის” ასოციაციას ეწვივნენ  უნიეში,  სადაც ეთნიკურ ქართველებს შეხვდნენ. ეს არის ყველაზე ძველი და პირველი კულტურის ცენტრი, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ქართველებმა შექმნეს.