სამართალდამცველებმა 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის“ შემცველი სითხე ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

03 მარ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შემოტანის კიდევ ერთი მსხვილი ფაქტი აღკვეთეს – ამოღებულია 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის“ შემცველი სითხე.

შსს-ს ცნობით, პოლიციის მიერ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ სადახლოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია ირანის  მოქალაქე.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, მალულად, საწვავის სისტემის დამატებით ავზში მოთავსებული - 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის“ შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ-ც  დააკავეს.

სამართალდამცველებმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის - ლ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.