პოლიციამ აჭარაში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

03 მარ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული ნ.კ.  დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ნ.კ.-ს,  დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ახდენდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია 11 ძირი მცენარე კანაფი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.