02 მარ 2026
თურქეთში საქართველოს ელჩის პირველი ოფიციალური ვიზიტი შავი ზღვისპირა რეგიონში დაიწყო. ბოლო რამდენიმე წლის შემდეგ არჩილ კალანდია პირველი ელჩია ვინც შავი ზღვის სანაპიროზე იმ ქალაქებს ეწვევა, სადაც მუჰაჯირების შთამომავლები ცხოვრობენ და ასევე ქართული დიასპორები მოქმედებს.
ელჩმა შეხვედრები ქალაქ სამსუნით დაიწყო. არჩილ კალანდიამ პირველი შეხვედრა უკვე გამართა სამსუნის “ქართული კულტურის ცენტრში”, სადაც ეთნიკურ ქართველებს, ჩვენებურებს შეხვდა და მათ საქმიანობას, პრობლემებსა და სურვილებს გაეცნო.
“ქართული კულტურის ცენტრი” ქალაქ სამსუნში გასულ წელს გაიხსნა.
აქ ასწავლიან ქართულ ფოლკლორს, აქვთ მკითხველთა ოთახი და რაც მთავარია უტარდებათ ქართული ენის კურსები. ენას მათ ონლაინ რეჟიმში ნათია ფუტკარაძე ასწავლის. შეხვედრაზე კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ელჩმა და ასევე საქართველოს გენერალურმა კონსულმა ტრაპიზონში ნიკოლოზ იაშვილმა.
ქართული დელეგაციის წევრები დღეს სამსუნის გუბერნატორს და მერს შეხვდებიან. მოგვიანებით კი შეხვედრა გაიმართება ქალაქ ჩარშამაში.