ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, საქართველოს მიმართ აშშ-ს დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია და არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს - პრემიერი

27 თებ 2026

ცალკეულმა უცხოელმა აგენტმა, ბრიტანული სანქციების ფონზე, სხვა რადიკალებს გაერთიანებისკენ და ამ გაერთიანების დასავლეთისთვის, უფრო კონკრეტულად ამერიკისთვის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ალტერნატივად შეთავაზებისკენ მოუწოდა. იქვე დასძინა, რომ ვაშინგტონისთვის შეთავაზებულ მათ კოალიციას აუცილებლად შეუერთდება პარტია „ლელოც“ თავის ლიდერებთან ერთად, რადგან პროცესებისგან დისტანცირება ამ პარტიისთვის რთული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, აგენტურის ეს განცხადება საქართველოს ხელისუფლებისთვის საინტერესოა იმ ფონზე, რომ აშშ-ს მოქმედ ადმინისტრაციას ღიად აქვს გაცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც უცხო ქვეყნების შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს.

„აგენტურის ეს განცხადება ჩვენთვის საინტერესოა იმ ფონზე, რომ აშშ-ს მოქმედ ადმინისტრაციას ღიად აქვს გაცხადებული იმგვარი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც უცხო ქვეყნების შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს.

პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, დემონსტრაციულად დახურეს რევოლუციის დამფინანსებელი ფონდები, მათ შორის USAID და NED, თანაც დახურეს ისე, რომ ღიად ამხილეს მათი ფარული ჩარევები უცხო ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში, რევოლუციების მოწყობასა და მთავრობების ძალადობრივი, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეცვლაში. არჩევნებში ახალი ადმინისტრაციის გამარჯვების შემდეგ კვირა არ გავა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ შორის ვენსმა, რუბიომ, გაბარდმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ხაზგასმით არ აღნიშნონ, რომ აშშ აღარ აპირებს ჩარევას სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში.

რადგან ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ოპოზიციად წოდებულმა აგენტურამ ძალიან კარგად იცის, თუ ვინ არის მისი პატრონი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როდესაც 99 პროცენტით კვლავ გაერთიანებული აგენტურული ოპოზიცია ისევ აშშ-ს სთავაზობს საკუთარ „მომსახურებას“ მათი განცხადებული პოლიტიკის მიუხედავად, რომ არ ჩაერევიან უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში, ეს ფაქტი ჩვენთვის დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს.

ევროპულ ბიუროკრატიას არაფორმალური გავლენისგან განთავისუფლება მოკლევადიან ან თუნდაც, საშუალოვადიან პერსპექტივაში რომ ძალიან გაუჭირდება, ამაში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის ბრიტანულმა სანქციებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება აშშ-ს, როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება კვლავაც ინარჩუნებს იმედს, რომ ე.წ. დიფ სთეითის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული ბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდება და ამის საუკეთესო დასტური საქართველოს მიმართ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება იქნება.

„ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ იმედს, რომ ე.წ. დიფ სთეითის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული ბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდება. ამის საუკეთესო დასტური საქართველოს მიმართ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება იქნება. ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, საქართველოს მიმართ აშშ-ს დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია და არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს. საქართველოს მიმართ დამოკიდებულების ცვლილება დაადასტურებს, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა არა მოჩვენებითი მოვლენა და არაფორმალური ძალების რებრენდინგის მცდელობა, არამედ გულწრფელი და რეალურია. ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს. ყველაფერს უახლოეს მომავალში მოეფინება ნათელი“, - განაცხადა კობახიძემ.