აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მთავრობის სხდომაზე რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა

27 თებ 2026

მთავრობის თავმჯდომარემ შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლ „ფესვების“ წევრებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს აღიარება მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, განსაკუთრებით კი  შუახევის მუნიციპალიტეტისთვის.

სულხან თამაზაშვილმა ისაუბრა ტურიზმის მიმართულებით არსებულ ტენდენციებზე და განაცხადა, რომ 2025 წლის შეჯამებული სტატისტიკური მონაცემებით, აჭარაში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება.

,,2025 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია დაახლოებით 10 პროცენტით. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს აჭარაში, 5 მილიონამდე ვიზიტი განხორციელდა და წინა წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 4 პროცენტით.  ამ რაოდენობაში შედის, როგორც შიდა, ასევე უცხოელი ვიზიტორი. აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ცხადყოფს ოთხივე სეზონზე რეგიონის მზარდ ტურისტულ პოტენციალს,“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის ბულვარში მიმდინარე სადემონტაჟო სამუშაოებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის იერსახეს. 

 „ბულვარში ინტენსიურად მიმდინარეობს უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი. ასევე, მუშავდება ახალი კონცეფცია, რომელიც ბულვარს თანამედროვე და მოწესრიგებულ სივრცედ აქცევს. უნებართვო ობიექტების დემონტაჟი ბულვარის გარდა აქტიურად მიმდინარეობს ქალაქშიც, მათ შორის სხვადასხვა კვების ობიექტსა და გასართობ სივრცეზე მიშენებული კონსტრუქციების, თვითნებურად აშენებული ღობეების, თვითნებურად განთავსებული ჯიხურების დემონტაჟი. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს პირველ რიგში სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას,  ხოლო მეორეს მხრივ ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას,“ – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

სულხან თამაზაშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალური ავტოპარკების განახლების მნიშვნელობას. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს 18 ერთეული ახალი ავტობუსი შეემატა. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება და ეტაპობრივად გაუმჯობესდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი რეგიონში.

მისივე ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.  ამ ეტაპზე აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან რეგიონში 9 საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო 15 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ დასრულდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეში მდებარე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციაც.

სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მთავრობის მუშაობა გაგრძელდება მოსახლეობის კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარების მიმართულებით.