27 თებ 2026
დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს დანიაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ელის. A ჯგუფის კალენდარი ისეა შედგენილი, რომ თებერვლის ფანჯარაში ჩვენი გუნდი მეორე შეხვედრასაც დანიასთან გამართავს, ოღონდ ამჯერად თბილისში, 2 მარტს.
ამ ორ მატჩზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ბედი: ოთხგუნდიან ჯგუფში - ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, დანია, საქართველოსა და დანიას ორ-ორი მატჩი აქვთ ჩატარებული და ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებიათ. ჯგუფიდან კი სამი საუკეთესო გადის. A ჯგუფიდან გასული სამი ნაკრები მომდევნო ეტაპზე B ჯგუფის სამეულს შეუერთდება. მსოფლიო ჩემპიონატს საგზურს კი მეორე ეტაპის ექვსგუნდიანი ჯგუფის საუკეთესო სამი მოიპოვებს.
საქართველოს ნაკრებს დანიასთან 6 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 მოგებული.
მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.