26 თებ 2026
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განხორციელების მომდევნო ეტაპზე გადადის. ხელშეკრულება, რომელიც შავი ზღვის ფსკერის კვლევის დიზაინისა და ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას ითვალისწინებს ხელი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა და კომპანია CESI -ს ხელმძღვანელმა მოაწერეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ევალება შავი ზღვის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევებისათვის საჭირო სამუშაოების აღწერილობის და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტრო ენერგეტიკული სისტემები.
ცნობისთვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ევროკომისიამ ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა. ეს არის ევროკომისიის მიერ გამოცემული უმაღლესი დონის პირველი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელმაც დაადასტურა პროექტის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა.
პროექტის ფარგლებში აშენდება დაახლოებით 1 155 კმ სიგრძის, 1300 მეგავატი სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი. პროექტი შეტანილია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის 2026-2036 წლების ათწლიანი განვითარების გეგმაში.