სამმხრივი ბიზნეს ფორუმი 

26 თებ 2026

წინანდალში საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმში სამივე ქვეყნის 400-მდე დელეგატი, მათ შორის 300-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი წარმატებული პლატფორმაა, სადაც სამი ქვეყნის ბიზნეს სექტორს საშუალება აქვს ინფორმაცია მიიღოს მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დინამიკის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმების და რეგიონული მასშტაბის პროექტების შესახებ. 

სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა ინვესტიციები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და კავშირგაბმულობა.