ქვეყნებს, რომლებსაც აცხადებენ პროდასავლურად და ანტირუსულად, ასევე არ დაუწესებიათ სანქციები, მათთვის არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს ორმაგი სტანდარტი - ირაკლი კობახიძე

25 თებ 2026

გახსოვთ, ოთხი წლის განმავლობაში, მართალია კულუარებში, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას ჩვენგან, მაგრამ საჯაროდ ერიდებოდნენ ამაზე საუბარს, ახლა გადაწყვიტეს ამ ყველაფერზე ღიად საუბარი, რაც ძალიან კარგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოუწოდებდნენ საქართველოს სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები.

„რასაც ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას და რაზეც ვიღაცები ამბობდნენ, რომ თითქოს ეს არ მომხდარა, დღეს უკვე ღიად დაიწყეს ამაზე საუბარი. ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოგვიწოდეს ჩვენ სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები.

 

მინდა, შეგახსენოთ, რომ არის ქვეყნები, რომლებსაც ისინი აცხადებენ პროდასავლურად, ანტირუსულად და ა.შ. ამ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები, არც ერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს მარტივად ორმაგი სტანდარტი, აქედან ჩანს, რომ კონკრეტული ინტერესი აქვთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა, ეს ქვეყნები არიან გამოცხადებული პროდასავლურ და ანტირუსულ ქვეყნებად.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს გაერო-ს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებითაც ჰქონდა მხარდამჭერი პოზიცია.

„ჩვენ აქაც გვქონდა ღიად მხარდამჭერი პოზიცია. მხარი დავუჭირეთ შესაბამის რეზოლუციას. ასევე, არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა, ეს ქვეყნები არიან გამოცხადებული პროდასავლურ და ანტირუსულ ქვეყნებად. რამდენად სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები, ამას ყველა ხედავს. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო – ჩვენ ათასამდე სხვადასხვა ტიპის აქტს, მათ შორის, რეზოლუციებს და განცხადებებს შევუერთდით მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ასეთ ფონზე ეს ორმაგი სტანდარტები თავის თავზე მეტყველებს“, – განაცხადა პრემიერმა.