ტრაგიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა პროცესებმა ევროპული ბიუროკრატია, მათ შორის, ბრიტანული ბიუროკრატია, რაც სამწუხარო და ტრაგიკულია - პრემიერი

25 თებ 2026

ამ სანქციებს განსაკუთრებული კომენტარი არ სჭირდება, უბრალოდ ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც ჩამოყალიბებულია ევროპულ ბიუროკრატიაში. ამ ტრაგიკული მდგომარეობის გამოხატულებაა ის გადაწყვეტილება, რომელიც ვიხილეთ - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია "იმედისა" და "პოსტივის" დასანქცირების საკითხს.

როგორც ირაკლი კობახიძემ მედიასთან აღნიშნა, ბრიტანეთი ადამიანის უფლებების დაცვის სამშობლო მიიჩნეოდა, თუმცა დღეს ინგლისში არაფრად ფასობს არც მედიის თავისუფლება და არც ადამიანის სხვა უფლებები.

"ამ სანქციებს განსაკუთრებული კომენტარი არ სჭირდება, უბრალოდ ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც ჩამოყალიბებულია ევროპულ ბიუროკრატიაში. ამ ტრაგიკული მდგომარეობის გამოხატულებაა ის გადაწყვეტილება, რომელიც ვიხილეთ.

 

არაფერი აღარ ფასობს დიდ ბრიტანეთში, რომელიც თავის დროზე, მიიჩნეოდა ადამიანის უფლებების სამშობლოდ და სამართლიანად მიიჩნეოდა, სწორედ ინგლისში იწყება ადამიანის უფლებების ისტორია. დღეს არაფრად ფასობს ამ ქვეყანაში არც მედიის თავისუფლება, არც ადამიანის სხვა უფლებები.

 

ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა პროცესებმა ევროპული ბიუროკრატია, მათ შორის, ბრიტანული ბიუროკრატია, რაც სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა.  არასერიოზული, სამარცხვინოა - ეს არის მოკლე კომენტარი ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განცახებით, დაცული იქნება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება როგორც ტელეკომპანია „იმედში“, ისე POSTV-ში, ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას. არცერთ ჟურნალისტს არცერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა, პირიქით, სრული შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია.

მისივე თქმით, ფურცელზე ეს არის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ექნება ეფექტი.

"2007 წელსაც ძალიან ბევრ ადამიანს, „ნაცებს“ უხაროდათ, როდესაც შეილახა მაშინაც „იმედისთვის“ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. მაშინაც იყო უამრავი აჟიტირებული ადამიანი. დღესაც იგივე ადამიანები არიან აჟიტირებული. თუ მაშინ ეფექტური იყო „იმედის“ უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად ფუჭი მცდელობა, რომ შეიზღუდოს „იმედისთვის“ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. ფურცელზე ეს არის, რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ექნება ეფექტი. ამ ქვეყანაში სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობა არის პასუხისმგებელი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე, მათ შორის, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვაზე. 2012 წლამდე ამ ქვეყანაში იყო შელახული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის შელახული იყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, სრული მონოპოლია იყო ჩამოყალიბებული და 2012 წელს სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ არავის შევალახვინებთ ამ ძირითად უფლებას.

დაცული იქნება როგორც ტელევიზიისთვის ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ასევე თითოეული ჟურნალისტისთვის იქნება დაცული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება როგორც ტელეკომპანია „იმედში“, ისე „პოსტვ-ში“. ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას. არცერთ ჟურნალისტს არცერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა, პირიქით, სრული შესაძლებლობა ექნებათ იმისთვის, რომ ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია. მედიის თავისუფლებაზე ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე ხელისუფლება აგებს პასუხს“, - განაცხადა კობახიძემ.