საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩების ერთობლივი სტატია  

24 თებ 2026

საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ - სათაურით „უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავი: რა დევს სასწორზე საქართველოსთვის“.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში რუსეთის სამხედრო შეიარაღებაზე წვდომის შეზღუდვის გაგრძელებით, საერთაშორისო სანქციების დაცვისა და მათთვის გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ ზომების მიღებით. 

როგორც ელჩები სტატიაში აღნიშნავენ, მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას.

სტატიის მიხედვით, ევროატლანტიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენის პრიორიტეტულობის მინიჭებით და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობით საქართველოს შეუძლია, გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და შეამციროს მისი დაუცველობა რუსეთის ზეწოლის მიმართ.