შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - პრემიერი

24 თებ 2026

იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.

„შედეგები არის ძალიან შემაშფოთებელი. იმთავითვე იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის. მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე. ჩვენ შევისწავლეთ სამუშაო ძალაზე ხუთწლიანი მოთხოვნა, პროფესიული ჯგუფების მიხედვით. ხუთწლიან პერსპექტივაში შეფასდა შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა. სამუშაო ძალაზე მოთხოვნა შესწავლილ იქნა Cambridge Econometrics-ის მიერ საქართველოსთვის შემუშავებული შრომის ბაზრის პროგნოზირების მოდელით და სხვა მაკროეკონომიკური მოდელებით. ამ მოდელებში გათვალისწინებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც, მათ შორის, ანაკლიის პორტის პროექტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ვაზიანის აეროპორტი და ა.შ. ყოვლისმომცველი კვლევა განხორციელდა.

 

ჩვენ შევისწავლეთ დასაქმებულებზე მოთხოვნის ზრდა ხუთწლიან პერსპექტივაში. იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება სჭირდებათ შრომის ბაზარზე შესასვლელად, შეადგენს 64 095-ს, აქედან 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროება არის კერძო სექტორში, 21 779-ის საჯარო სექტორში. აქ იგულისხმება მათ შორის ჩანაცვლების მოსალოდნელი მაჩვენებელიც“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება ეტაპობრივად მოხდება.

მისივე განმარტებით, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად.

„თუ ჩვენ მკაცრად გავყვებით დღევანდელ რეალობას, შრომის ბაზრის მოთხოვნებს, მაჩვენებელი არის 14 400, თუმცა საბოლოო ჯამში, როდესაც კვოტები გადანაწილდა, ჩვენ გავთალეთ 5-წლიანი პერსპექტივა და ასევე მხედველობაში მივიღეთ დღეს არსებული გარემოებები. მაგალითად, სამართლის შემთხვევაში რომ ავიღოთ 3 600 აბარებს, მოთხოვნა არის დაახლოებით 700 იურისტზე, თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ არ შეიძლება, ამას ანგარიში არ გავუწიოთ, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად ჩამოვიდეთ ამ 700-იან მაჩვენებელზე არა მკვეთრად, იმისათვის, რომ არ გამოვიწვიოთ მკვეთრი წინააღმდეგობა აბიტურიენტებში არსებულ მოთხოვნებსა და ჩარიცხვას შორის. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეტაპობრივად გადასვლა ოპტიმალურ მაჩვენებლებზე, შესაბამისად, 3 600-დან ჩამოვდივართ არა მკვეთრად 700-ზე, არამედ ჩამოვდივართ 1500-ზე და შემდეგ ეტაპობრივად იქნება უზრუნველყოფილი უკვე შესაბამისი მონაცემების დაბალანსება. არის შემთხვევები, სადაც მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე დღეს არის ჩარიცხულთა რაოდენობა, თუმცა არის სხვა კუთხით პრობლემები უმაღლესი განათლების სისტემაში, მაგალითად არის შესაბამისი მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის დეფიციტი, აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში გადავწყვიტეთ ეტაპობრივად, წლიდან წლამდე გავზარდოთ ჩარიცხულთა რაოდენობა ოპტიმალურ მაჩვენებლამდე.

ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლებიც გვეუბნება, რომ საჭიროა წესით 14 400 სტუდენტის ჩარიცხვა უნივერსიტეტებში, მაგრამ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რაზეც ვსაუბრობდი, საბოლოო ჯამში 21 300 სტუდენტზე გამოცხადდება მიღება, შესაბამისად 50 პროცენტით ვაჭარბებთ იმ ოპტიმალურ მაჩვენებელს, რაც მოგვცა ჩვენ შრომის ბაზრის ანალიზმა. ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ სრულ დაახლოებაზე შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.