უკრაინამ დაიცვა თავისი დამოუკიდებლობა - ზელენსკი

24 თებ 2026

''დღეს ზუსტად ოთხი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პუტინმა კიევის აღების სამდღიანი შეტევა დაიწყო. დღევანდელი დღეის გადასახედიდან სრული უფლება გვაქვს ვთქვათ, რომ  ჩვენ დავიცავით ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენ არ დაგვიკარგავს ჩვენი სახელმწიფოებრიობა; პუტინმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს. მან ვერ გატეხა უკრაინელები; მან ვერ მოიგო ეს ომი. ჩვენ შევინარჩუნეთ უკრაინა და ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. დიდება უკრაინას!“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში ომში რუსეთის მხრიდან 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. მათ შორის დაღუპულთა რაოდენობა 325 ათასია. იმავე პერიოდში, უკრაინის მხრიდან 500 -600 ათასი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. მათ შორის დაღუპულთა რაოდენობა 140 ათასია.

გაერო-ს მონაცემებით, ომის შედეგად 14 999 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 763 ბავშვი. „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ მონაცემებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 19.4%-ს აკონტროლებს, 2022 წლის თებერვლამდე, სრულმასშტაბიან შეჭრამდე, კი ის უკრაინის თითქმის 7%-ს აკონტროლებდა.

რუსულმა ძალებმა გასულ წელს უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 0.79% დაიკავეს. 

ომის დაწყების შემდეგ 5.9 მილიონმა უკრაინელმა დატოვა თავისი ქვეყანა. მათმა დიდმა უმრავლესობამ ევროპას შეაფარა თავი. ამასთან, 3.7 მილიონი ადამიანი უკრაინის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.