24 თებ 2026
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2 920, ანუ 2 920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ამის თავიდან არიდება და, სწორედ, ამიტომ ჩატარდა შრომის ბაზრის ანალიზი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ მიმართულებებზე, სადაც შრომის ბაზრის მოთხოვნასა და უმაღლესი განათლების სისტემის მიერ გამოშვებულ სტუდენტებს შორის დისბალანსი ფიქსირდება.
„კვლევაში წარმოდგენილია მონაცემები, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რომელია დეფიციტით გამორჩეული მიმართულებები. აშკარად ჩანს, რომ პედაგოგიკა არის ერთ-ერთი ასეთი მიმართულება, სადაც გვყავს ნაკლები სტუდენტი, ვიდრე არის შრომის ბაზრის მოთხოვნა. საინჟინრო-ტექნიკურ მიმართულებებში არის უმეტეს შემთხვევებში დაფიქსირებული დეფიციტი, ეს ეხება მშენებლობას, ანუ გვჭირდება იმაზე მეტი მშენებელი, ვიდრე, დღეს, უმაღლესი განათლების სისტემა აწვდის შრომის ბაზარს. ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგია, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ამ მიმართულებებითაც არის ნაკლებობა. საექთნო და სამეანო საქმე, სოციალური მუშაობა, ეს არის ის სფეროები, სადაც მკვეთრი დეფიციტი ფიქსირდება მიწოდების კუთხით.
რაც შეეხება სიჭარბის მაგალითებს, სამართალი უკვე ვახსენე, სადაც არის მკვეთრი სიჭარბე, ანალოგიურად – ეკონომიკაშიც გვაქვს სიჭარბე, რაც შეეხება ბიზნესის ადმინისტრირებას, აქ, რეალურად, დაბალანსებულია მონაცემები, თუმცა აქ სხვა პრობლემას ვაწყდებით, იმის გამო, რომ კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის დონე არ არის საკმარისად მაღალი, რეალურად, შრომის ბაზარზე მაინც ფიქსირდება მკვეთრი დეფიციტი. აქ არის თავსებადობა რიცხვებს შორის, ანუ რამდენსაც უშვებს უმაღლესი განათლების სისტემა, იმდენზე არის მოთხოვნა შრომის ბაზარზე, თუმცა კვალიფიკაციის პრობლემის გამო, რეალურად, მაინც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არის დეფიციტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებითაც შრომის ბაზარზე.
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები – აქაც ფიქსირდება ძალიან მკვეთრი დისბალანსი. არის მოთხოვნადი სპეციალობა, ძალიან ბევრი ამთავრებს, თუმცა შრომის ბაზარზე არის დაახლოებით ხუთჯერ ნაკლები მოთხოვნა, ვიდრე გვყავს კურსდამთავრებულები სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით. იგივე ეხება უცხო ენებს, სადაც არის მკვეთრი სიჭარბე,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთლიანობაში, ამ კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 12 500 საწარმო.
„საკმაოდ მასშტაბური იყო ეს კვლევა, აქედან 470 იყო მსხვილი საწარმო, 1 752 საშუალო ზომის საწარმო და 10 278 მცირე ზომის საწარმო, რომლებიც შეირჩა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. გამოკითხვის ჩატარებაში ჩვენ დაგვეხმარა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქსტატი, რომლის 153 ინტერვიუერი იყო ჩართული კვლევის პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ კვლევა იყო მასშტაბური, ცდომილების დონე არის ძალიან დაბალი, 0.49% არის ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პარალელურად ჩატარდა საჯარო სექტორში სამუშაო ძალაზე მოთხოვნის კვლევა და ამ კვლევამ მოიცვა უკლებლივ ყველა სახელმწიფო უწყება, ორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ერთდროულად, ამ კვლევამ მოიცვა, როგორც კერძო სექტორი მასშტაბურად, ასევე - უკლებლივ ყველა უწყება და ორგანიზაცია საჯარო სექტორში.
ცალკე განისაზღვრა აკადემიურ სფეროში მოთხოვნა, შრომის ბაზრის ნაწილია, ბუნებრივია, აკადემიური სექტორიც. აქ იგულისხმება, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე - სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და აქ უკვე განათლების სამინისტრო ჩაერთო აქტიურად შესაბამის სფეროში შრომის ბაზრის მოთხოვნის განსაზღვრაში - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთი პრობლემა, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა არის ის, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს, სამუშაო ადგილზე, სჭირდება დიპლომი.
„რეალურად ეს ადამიანები, 40 პროცენტი საჭიროებს პროფესიულ განათლებას, ამიტომ შესაბამისი მიმართულებით არის დასაქმებული. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში იყო სერიოზული პრობლემები პროფესიული განათლების მიმართულებით. ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ პროფესიული განათლება დაიხვეწოს ქვეყანაში და ამაღლდეს შესაბამისი ხარისხი. ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენთან ერთად, განვიხილოთ ამ კვლევის დეტალები თუ არის შეკითხვები, მზად ვართ, ვუპასუხოთ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გადაუდებელი იყო ამ ანალიზის ჩატარება იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი აბიტურიენტების, ახალგაზრდების, სტუდენტების ინტერესები და სწორი მიმართულება მივცეთ მათ საკუთარი პროფესიული გზის არჩევისას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.