სეზონური ვირუსები

23 თებ 2026

იანვარ-თებერვალში ბავშვებში გრიპის შემთხვევები შემცირდა და დომინანტი რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი გახდა. სეზონური ვირუსების გავრცელების ტენდენციებთან დაკავშირებით იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

მისი განცხადებით, სეზონის დასაწყისში შემთხვევების უმრავლესობა H3N2 ე.წ. ჰონკონგის ვირუსის დიაგნოზით იყო, რომელიც ფილტვების ანთების გართულებით მიმდინარეობდა განსხვავებით რესპირატორულ-სინციტიური ვირუსისა, რომლის კლინიკური გამოვლინება ბრონქიოლიტია.

მისი ინფორმაციით, მაღალი იყო მიმართვიანობა როგორც სტაციონალურ, ასევე ამბულატორიულ სექტორში. მთავარი რეკომენდაცია კი არის დროული დიაგნოსტირება და პედიატრის ჩართვა მკურნალობის პროცესში.