სოფელ განმუხურისა და ანაკლიის განახლებული საზღვაო სანაპიროს პროექტზე მუშაობა დაიწყო

21 თებ 2026

დაიწყო სოფელ განმუხურისა და ანაკლიის განახლებული საზღვაო სანაპიროს პროექტზე მუშაობა, რომელიც 8 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება სარეკრეაციო სივრცე და მოეწყობა  მრავალფუნქციური, ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი სანაპირო ზოლი. 66.5 ჰექტარ ტერიტორიაზე შეიქმნება ინფრასტრუქტურა, სადაც  გათვალისწინებული იქნება სივრცეები დასვენებისთვის, სპორტული აქტივობებისა და  კულტურული ღონისძიებებისთვის.
მოეწყობა საბავშვო, საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები, საფეხმავლო და ველო ბილიკები, საპარკინგე ზონა. იგეგმება ღია სცენის და დეკორატიული ტბის მოწყობა, განმუხურისა და ანაკლიის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია. გათვალისწინებულია ტერიტორიის ადგილობრივი მცენარეული სახეობებით გამწვანება.  პროექტი მოიცავს გარე განათების, სარწყავი ქსელის, ელექტრო და წყალმომარაგების, კანალიზაციის, სადრენაჟე  და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მოწყობას.