20 თებ 2026
ქობულეთში, სანაპირო ზოლზე, ძლიერი შტორმის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან დაიწყო. მერიის შესაბამისი სამსახურები ტერიტორიის გაწმენდას საგანგებო რეჟიმში ახორციელებენ.
არსებულ ვითარებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე მოადგილეებთან ერთად გაეცნო. მერის განცხადებით, უკვე დაწყებულია მიყენებული ზარალის დათვლა და აღწერა, პროცესის დასრულების შემდეგ კი აღდგენითი სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდება.
ირაკლი ცეცხლაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტიქიის შედეგად მოსახლეობა არ დაზარალებულა და მერიის შესაბამისი სამსახურები პროცესში მაქსიმალურად არიან ჩართულები.
ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეიზღუდა თამარ მეფის სანაპიროსა და აღმაშენებლის ქუჩის ცალკეულ მონაკვეთებზე. დაზიანებულია რამდენიმე ინდივიდუალური მრიცხველი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.