„კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელის მიმართვა ბათუმის საკრებულოს

20 თებ 2026

„კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე არ დაუშვეს.

მას მრავალშვილიანების, უსახლკაროების და სხვა სოციალური საკითხების შესახებ სურდა  საკრებულოსთვის წინადადებების წარდგენა და სიტყვით გამოსვლა, თუმცა როგორც განმარტავს, ამის შესაძლებლობა უკვე მეორედ არ მიეცა.

მისი თქმით, კანონით დადგენილ ვადებში ოფიციალურად მიმართა საკრებულოს, ასევე სოციალურ ქსელშიც გააკეთა განცხადება.

ბათუმის საკრებულოში კი აცხადებენ, რომ სიტყვით გამოსვლისთვის მოქალაქემ საკრებულოს ორი დღით ადრე უნდა მიმართოს, რა ვადებიც მათი განმარტებით, მერაბ ღოღობერიძეს არ დაუცვია. რაც შეეხება სხდომაზე დასწრებას, ამისთვის საკრებულოს აპარატის ინფორმაციით, ერთი საათით ადრე მიმართვაც საკმარისია.

მერაბ ღოღობერიძის განცხადებით, მას საკრებულოზე დასწრების და სიტყვით სარგებლობის უფლებას გამიზნულად  უზღუდავენ. ის სოციალურ საკითხებზე სატელევიზიო დებატებსაც ითხოვს.