19 თებ 2026
საზოგადოება აკვირდება, თუ როგორ წარიმართება პროცესები, ახლა უკვე პარლამენტში, მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისთვის, რომ დადგინდეს, თუ რა განაპირობებს ჭარბ ფასნამატს, შესაბამისად, სად და რამდენად არის ფასების შემცირების რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროცესი შედეგს გამოიღებს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი შედეგს გამოიღებს. ჩვენ შესაბამისი ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე უკვე გადავალთ ქმედებებზე. არ გამოვრიცხავთ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. ასევე, ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებას, როგორიც არის თუნდაც ალტერნატიული ქსელების წახალისება და ა.შ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მოგვცემს შედეგს, მათ შორის, ჩვენ ვფიქრობთ გრძელვადიანი შედეგის მიღწევაზე, ანუ ფასების გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ განმარტება გააკეთა უმუშევრობის მაჩვენებელთან დაკავშირებითაც. მისივე განცხადებით, უმუშევრობის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელი არის 3,3 პროცენტი, კვარტალურ ჭრილში ეს არის რეკორდული მინიმუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, წლევანდელ წელსაც ყველაფერი კეთდება, რათა უმუშევრობა კიდევ უფრო მეტად შემცირდეს ქვეყანაში.
„ზოგადად ოპტიმალური მაჩვენებელი არის 3-დან 5%-მდე და ვფიქრობთ, ამ მაჩვენებლის მიღწევა არის შესაძლებელი რამდენიმე წელიწადში. ამისთვის საჭიროა ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამას ემსახურება კონკრეტული ეკონომიკური ინიციატივები, საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა 5-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდეს ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა, რაც აბსოლუტურად რეალურის. სამ წელიწადშიც კი შეიძლება ასეთი შედეგის მიღწევა. ექსპორტის გაზრდა არის ასევე მნიშვნელოვანი. ჩვენი პროდუქციის წახალისება, ქვეყნის გარეთ გატანის წახალისება და იმპორტ-ექსპორტის ბალანსის გაუმჯობესება – აქაც მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.