19 თებ 2026
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურატურის განცხადებით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.
შედეგად, ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანამ იზარალა – საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი.
ყოფილ პრემიერს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ე.წ. ჩორჩანის ეპიზოდის გარდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის სისხლის სამართლებრივი დევნა მეორე საქმეზეც - 20 ივნისის აქციის დარბევის ეპიზოდზეც მიმდინარეობს.