19 თებ 2026
ელექტროსადგურების ქონების გადასახადთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა გაიმართა. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციასთან გამართა.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს კანონპროექტით გათვალისწინებულ მიმართულებებზე, რომლებიც განახლებადი ენერგიის რესურსებიდან წარმოშობილი გრძელვადიანი სარგებლის პირდაპირ, სამართლიან და ეფექტიან გამოყენებას ითვალისწინებს იმ დასახლებებში, სადაც ენერგეტიკული პროექტები განხორციელდება. კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და გრედა-მ ერთობლივად მოამზადეს.
მათივე განმარტებით, კანონი მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის რესურსებზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან მომდინარე გრძელვადიანი სარგებლის განაწილების მხარდამჭერი მექანიზმის დანერგვას, რაც გულისხმობს ქონების გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემისა თუ სოფლის საჭიროებებისთვის შეკრებას, სადაც გენერაციის ობიექტები შენდება.