18 თებ 2026
სამ საათზე მეტია ჟურნალისტ ელისო კილაძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკას ესწრება კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი.
საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, პროკურატურაში გამოკითხვებია. არ არის გამორიცხული კილაძეს ბრალი დღის ბოლომდე წარედგინოს. იგი სამართალდამცავებმა დღეს დილით, საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.
როგორც პროკურატურის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მას გამოძიება ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებულ საქმიანობას და ფულის გათეთრებას ედავება.
პროკურატურის ცნობით, ელისო კილაძე ოთარ ფარცხალაძესთან იყო კავშირში. ცნობილია, რომ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს. ჟურნალისტის დაკავების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.