18 თებ 2026
დაახლოებით 20 ათასი პირი იმყოფება საქართველოში არალეგალურად, თუმცა ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგად, ეს მაჩვენებელი დაზუსტდება, არ ვფიქრობთ, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები შევა საერთო სურათში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, მოწესრიგდეს შესაბამისი მონაცემთა ბაზები და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით გატარებულ ზომებზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო კანონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა ბოლო პერიოდში მიიღო.
„ეს იყო ცვლილებები კანონში უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები. გარდა ამისა, გამკაცრდა საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები და გამკაცრების საშუალებაც მოგვცა შესაბამისმა საკანონმდებლო ცვლილებებმა. ჩვენ 2025 წელს, გასული 12 თვის განმავლობაში გავაძევეთ იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში, ანუ გადავასწარით გასული 10 წლის სტატისტიკას, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენი გეგმის მიხედვით, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და 2026 წლის განმავლობაში ვფიქრობთ, მივაღწევთ 4 ათასიან ნიშნულს, შესაბამისად, მოხერხდება უცხოელი არალეგალი მიგრანტების დაახლოებით 20%-ის გაძევება მიმდინარე წლის განმავლობაში. ეს სავსებით რეალურია იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე, საუბარია შესაბამისი კანონმდებლობის დარღვევაზე გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაქსიმალური ჯარიმა იყო 360 ლარი. ასეთ პირობებში იყო დიდი ცდუნება იმისა, რომ ადამიანს განსაკუთრებული რისკის გარეშე ჩაედინა შესაბამისი სამართალდარღვევა.
„ახალი კანონმდებლობის მიხედვით, როგორც მოგეხსენებათ, დადგენილია გაზრდილი ჯარიმები 1000-დან 3000 ლარამდე და ფულად ჯარიმებთან ერთად, დაწესებულია შემოსვლის აკრძალვა შესაბამისი სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე. გამომდინარე სამართალდარღვევის შინაარსიდან, 6 თვიდან 3 წლამდე შემოსვლის აკრძალვა არის გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის სახით. ასეთი აკრძალვა გასული წლის პირველი ოქტომბრიდან დაუწესდა 2 331 პირს.
ასევე ცალკე არის დადგენილი პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ აქაც კრიმინალიზაცია მოხდა მთელი რიგი სამართალდარღვევების. გაძევება და შემოსვლის აკრძალვა, ასეთი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის შემოსვლის აკრძალვა გათვალისწინებულია 2-დან 20 წლამდე ვადით, გამომდინარე სამართალდარღვევის კატეგორიიდან. ასეთი ზომა შეეფარდა სასჯელის სახით 52 პირს საქართველოში პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული.
რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პირის გაძევებას და შემოსვლის აკრძალვას, ასეთი ზომა შეეფარდა 22 პირს პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა, რომ რამდენიმე წელიწადში გავანულოთ საქართველოში უკანონო მიგრაცია, წლევანდელი სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 უკანონო მიგრანტის გაძევება, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ რამდენიმე წელიწადში მთლიანად აღმოვფხვრათ საქართველოში უკანონო მიგრაციის პრობლემა.