18 თებ 2026
მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გასაკვირი არაა, რომ პარლამენტის წევრებსაც გაქვთ განსაკუთრებული ინტერესი ამ საკითხის მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა იმ მნიშვნელოვან ფაქტორებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში მიგრაციას განაპირობებს.
„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, თუ როგორია საერთო მოცემულობა - საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა არის 3 მლნ 914 ათასი ადამიანი, აქედან მაქსიმუმ 257 ათასი არის უცხოელი. რატომ ვამბობთ მაქსიმუმს - საქსტატს არ აქვს დაზუსტებული მონაცემები, დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 25 ივნისს და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდება, გამომდინარე იქიდან, რომ არის გარკვეული ბუნდოვანება კონკრეტულ შემთხვევებში. მაქსიმალური რაოდენობა არის 257 ათასი. რა განაპირობებს ზოგადად საქართველოში იმიგრაციას, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, პირველი - საქართველო არის ტურისტული ქვეყანა და, ასეთ პირობებში, რთულია მიგრაციული პროცესების მართვა, განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული მიგრაციული პროცესების მართვა.
მოგეხსენებათ, განათლების სისტემა არის, ასევე, გახსნილი უცხოელებისთვის და საქართველოში, დღეს, სწავლობს 37 000 უცხოელი სტუდენტი. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არის შრომითი მიგრაცია. საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე არ არის ქართველი მუშახელი, რომელიც შესაბამის სფეროში იქნებოდა დასაქმებული, ასეთი ინტერესი არ არის. და რა თქმა უნდა, არალეგალური მიგრაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ძალისხმევა არის საჭირო,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო ბინადრობის ნებართვის ბოროტად გამოყენების პრევენცია.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით იყო ჩამოყალიბებული პრობლემური პრაქტიკა.
„იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც რეალურად პირი არ იმყოფებოდა სწავლის მიზნით საქართველოში და მათზე მაინც გაიცემოდა ბინადრობის ნებართვა. ასეთი შემთხვევები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. მაქსიმალურად გამკაცრდება პოლიტიკა ამ კუთხით.
დაიხვეწება უცხოელების მონაცემთა ბაზა. ჩვენი მიზანია, შევქმნათ სრულფასოვანი მონაცემთა ბაზა, სადაც აისახება მონაცემები საქართველოში მყოფი ყველა უცხოელის შესახებ. ბუნებრივია, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზომა, რომელიც გვაძლევს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის შესაძლებლობას.
ზოგადად, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა არის მუდმივი პროცესი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს უნდა შევხვდეთ მომზადებული და ზუსტად ამას ემსახურება ის ცვლილებები, საკანონმდებლო თუ პრაქტიკული, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა მთლიანად სისტემაში“, - განაცხადა პრემიერმა.