18 თებ 2026
პროკურატურამ ქოლცენტრების საქმეზე ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავა - აღნიშნულის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მიხეილ სარდაძემ ისაუბრა.
როგორც ბრიფინგზე აღნიშნეს, პროკურატურამ ქოლცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და სისხლისამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, რომელთა შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
"აღსანიშნავია, რომ ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.
გაწეული საქმიანობისათვის, გავლენის და საინფორმაციო მფარველები, არარეზიდენტი პირებისგან მოტყუებით დაუფლებული თანხებიდან, ყოველთვიურად სოლიდურ სარგებელს იღებდნენ.
რაც მხოლოდ ამ ეტაპზე გამოძიებით არის დადგენილი, 2020-2023 წლებში, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას.
შემდგომში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, დაზარალებულებისგან მოტყუებით დაუფლებული ვირტუალური აქტივები დანაწევრებით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტო საფულეებზე, რომლებსაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები განკარგავდნენ, ხოლო ვირტუალური აქტივების კონვერტაციის შედეგად მიღებული ნაღდი ფული, ხმარდებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს - ხელფასების და ბონუსების გაცემას, ქოლ-ცენტრების მიმდინარე ხარჯების დაფარვას, ასევე, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები, ჯგუფის წევრების მიერ, როგორც თითქოსდა კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი, მიმართული იქნა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად", - აღნიშნა მიხეილ სარდაძემ.