მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა

16 თებ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა დაათვალიერა. 1900 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული ორსართულიანი, ადმინისტრაციული შენობა 150 თანამშრომელზეა გათვლილი და მოიცავს უახლესი ინვენტარით აღჭურვილ სამუშაო ოთახებსა და ადმინისტრაციული წარმოებისთვის განკუთვნილ პროცედურულ სივრცეებს.

შენობაში ფუნქციონირებს დაქტილოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური მონაცემების აღებისთვის, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი ოთახი, ასევე თავშესაფრის მაძიებელთა მისაღები სივრცე. შენობა, ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. 

პროექტის ღირებულება 7 მლნ ლარამდეა და ის სრულად დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მიგრაციის დეპარტამენტში სტუმრობისას, გეკა გელაძემ პრემიერ-მინისტრს სტრუქტურული დანაყოფის სამუშაო სპეციფიკა გააცნო.  მისი თქმით, გასულ წელს, აჭარაში შეიქმნა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო, გაიზარდა დეპარტამენტის საშტატო ერთეული და თანამშრომელთა ანაზღაურება, განახლდა ავტოპარკი.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს დროებითი განთავსების ცენტრის სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქცია, რომელიც წელს დასრულდება.

ცენტრი გათვლილი იქნება 150 დაკავებულ არალეგალ პირზე. პროექტის ღირებულება 4 მლნ ლარზე მეტია.