ევროინტეგრაცია კონსტიტუციური ამოცანაა, დებატების საგანი არ არის იმის გადახედვა, რაც წერია კონსტიტუციაში - პრემიერი

16 თებ 2026

კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო არის მოწინავე და ლიდერი ქვეყანა. ეს არის უტყუარი ჭეშმარიტება, რომელიც ასახულია ობიექტურ დასკვნებში. ამისგან განსხვავდება უხეში, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები, რასაც აკეთებენ ხოლმე პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის ორმაგი სტანდარტები, რასაც აჩვენებს ევროპული ბიუროკრატია.

„ობიექტურ გარემოებებს, ფაქტებს, არგუმენტებს სადაც ეფუძნება შეფასებები, ყველგან გვაქვს მოწინავე, ლიდერის პოზიციები. აქაც გასაკვირი არ არის. კანონის უზენაესობა საქართველოში არის რეგიონში ყველაზე მეტად დაცული. კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო მოწინავე და ლიდერი ქვეყანაა. ეს არის უტყუარი ჭეშმარიტება, რომელიც ასახულია ობიექტურ დასკვნებში. ამისგან განსხვავდება უხეში, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები, რასაც აკეთებენ ხოლმე პოლიტიკოსები და ბიუროკრატები. ეს არის სტანდარტული შემთხვევები, რასაც ხშირად ვხედავთ. ეს არის ორმაგი სტანდარტები, რასაც აჩვენებს ევროპული ბიუროკრატია“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განმარტებით, ჩვენ არ ვსაუბრობთ, როგორც ხელისუფლება კურსის ცვლილების შესაძლებლობაზე. ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი, ეს გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ევროინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დებატების საგანი არ არის იმის გადახედვა, რაც წერია კონსტიტუციაში.

„ყველა თემასთან დაკავშირებით პლუს-მინუსები შეიძლება იყოს განხილული, მათ შორის, განსაკუთრებით, იმ ყალბი კამპანიების ფონზე, რომლებიც წარიმართება. საზოგადოებას აჯერებენ, მაგალითად, როგორც ერთი ტყუილი იყო, რომ ეკა გიგაური წარადგენდა წელიწადში ერთხელ დეკლარაციას და ხვალ ვიღვიძებდით ჩელიაბინსკში, ასევე ატყუებენ ადამიანს, რომ ევროკავშირის წევრი თუ გავხდებით, ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში ან ბერლინში. ესეც ჩვეულებრივი ტყუილია. ასევე, ადამიანებს ეუბნებიან, კლიპებს ავრცელებენ იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, მას შემდეგ, რაც პირობითად ესტონეთი გახდა ევროკავშირის წევრი, ესტონეთის ეკონომიკა გაიზარდა ორჯერ და ა.შ. თქვენ რომ ნახოთ 2003 წლის შემდეგ, თუ არ ვცდები, 2003 წელს გაწევრიანდა ესტონეთი ევროკავშირში, რომ შეადაროთ ეკონომიკური ზრდა ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის და ა.შ. და რომ აიღოთ საქართველოს ეკონომიკური ზრდა იმ მომენტიდან დღემდე, საქართველოში ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანებულ ქვეყნებში. ასეთი რაღაცებით არ შეიძლება მანიპულირება და არ შეიძლება ჭარბი ემოციების გამოწვევა საზოგადოებაში. დებატების საგანი არ არის იმის გადახედვა, რაც წერია კონსტიტუციაში. ეს დებატები ადამიანებს მისცემს იმის თქმის საშუალებას მაგალითად, რომ ეს გავრცელებული ინფორმაცია, პირობითად ეკონომიკასთან დაკავშირებით, არის სრული სიყალბე. ამით ცდილობენ ადამიანებში ჭარბი ემოციების გამოწვევას იმისათვის, რომ ეს ჭარბი ემოციები შემდეგ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართონ. ეს არასწორია. ამიტომ,  ზუსტად უნდა გაიგოს საზოგადოებამ,  ჭარბი მოლოდინები რომ არ შეიქმნას, რა შედეგებს იწვევს, მაგალითად ეკონომიკური კუთხით, ევროინტეგრაცია, რა პლუსები და მინუსები აქვს, სხვა თვალსაზრისით, რა პლუს-მინუსები აქვს ევროინტეგრაციას. ამასთან დაკავშირებით მსჯელობა არის აბსოლუტურად მიზანშეწონილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.