ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება იმ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში - პრემიერი

16 თებ 2026

ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება იმ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი დეტალის დაზუსტება იყო მნიშვნელოვანი  და აუცილებელი.

„კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ხვრელების პოვნას არსებულ კანონმდებლობაში და ასეთი გზით, საქართველოში პოლიტიკური პროცესების დაფინანსებას. რა თქმა უნდა, ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება იმ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში და რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი“-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას კამიტთან დაკავშირებით. 

„ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი“-ზე გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას კამიტთან დაკავშირებით. ეს იყო სამარცხვინო პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც მოამზადა „ბი-ბი-სი“-მ, რომელიც გამოირჩეოდა მაღალი რეპუტაციით. საერთოდ არ აინტერესებთ, არც რეპუტაცია და არც არაფერი, მზად არიან, ნებისმიერი უხეში სიცრუე და ტყუილი გაავრცელონ „ბი-ბი-სი“-ს ეთერით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ამასთან დაკავშირებით. ის, რომ საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ინფორმაცია ნივთიერების შესახებ, ეს არის ტყუილი. იმიტომ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა ბრიფინგი და დეტალურად გააცნო ეს ინფორმაცია საზოგადოებას. ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ არც ერთი საერთაშორისო დონეზე აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული შეკრების დაშლის დროს. ცრემლმდენი საშუალების გამოყენება, ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში. ყველაფერი დანარჩენი არის „ბი-ბი-სის“ და სხვისი ტყუილები“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილება და წესრიგი მკაცრად უნდა იყოს დაცული.

„ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური წყობილება, კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც უნდა იყოს მკაცრად დაცული. ამას უზრუნველყოფს კონსტიტუცია და ეს დამატებით უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობად. თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ.

იცით, რომ არის 5 კონკრეტული ქვეყანა, რუსეთი და პლუს 4 ქვეყანა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიის 20 %-ზე. და ქვეყნის შიგნით არიან ძალები, რომლებიც დანარჩენ 80 %-ზეც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას, ჩვენთვის ერთნაირი პრობლემაა ისიც და ისიც. ერთია საერთაშორისო სუბიექტები, რომლებიც არ აღიარებენ ქვეყნის ტერიტორიის 20 %-ზე საქართველოს იურისდიქციას და მეორე არიან ქვეყნის შიგნით ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100 %-ზე არ აღიარებენ ქვეყნის ხელისუფლების იურისდიქციას. ერთ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც უპირისპირდება პირველ პრობლემას, ახლა მიიღება ახალი კანონი, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც უპირისპირდება მეორე პრობლემას. კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟი და ექსტრემიზმი, ეს არის ის, რასაც კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს,“- აღნიშნა პრემიერმა.