ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში

16 თებ 2026

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. საუბარია 7 კანონში შესატან ცვლილებაზე, რომლის ამოქმედების შედეგად გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები წესდება.

ცვლილების მიხედვით, "გრანტის" ცნება ფართოვდება და გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით.

"გრანტების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.

გრანტად ასევე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების ფორმით. დადგენილი წესების დარღვევისთვის  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება. 

დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას - 6 წლამდე ვადით.