ახალი რეგულაცია საერთაშორისო გზებისთვის

14 თებ 2026

საერთაშორისო მნიშვნელობის გზების განვითარებისთვის ახალი სტანდარტი დადგინდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე და გზისპირა ზონებში - გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს - გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული იქნება მშენებლობა.
ახალი რეგულაცია მომზადებულია „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე და მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების დაცვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას.
რეგულაცია შეეხება იმ მონაკვეთებს, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია ან სადაც მიმდინარეობს ან დაგეგმილია მაგისტრალური გზების მშენებლობა და მოდერნიზაცია.