შეხვედრა ევროკავშირის ელჩსა და საგარეო უწყების მინისტრის მოადგილეს შორის

12 თებ 2026

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, პაველ ჰერჩინსკისთან.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ელჩს გააცნო ქართული მხარის პოზიცია, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების დაცვისა და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღკვეთა-პრევენციის მიზნით,  ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის თაობაზე.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი შეეხო ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სახელმწიფო უწყებების მუშაობას, საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთებისა და გემების გადაადგილების მონიტორინგისა და სანქცირებული ობიექტების გამოვლენის, ასევე  ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული საერთაშორისო აქტივობების გამოაშკარავების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაწესებული შემზღუდავი ზომების შესრულების მიმართულებებით. 

დღესვე, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრის მიზანი იყო „გრანტების შესახებ“ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის „სერიოზული შეშფოთების“ გამოთქმა.