12 თებ 2026
საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს მოსკოვთან და აბრალებენ, რომ რუსეთის აგენტია, ამას ვერ ვიგებ და ამიტომ გადაწყვიტე, პირადად ჩამოვსულიყავი, მენახა, რა ხდება, – ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში მისი ვიზიტი სოლიდარობის ჟესტია.
„დიდად სასიამოვნოა ყოფნა აქ, საქართველოში დღეს და ხვალ. ჩამოვედი, როგორც მეგობარი ძვირფას მასპინძელთან. ჩამოვედი იმისთვის, რომ გამოვხატო სოლიდარობა. მე ამას ვუყურებ, როგორც სოლიდარობის ჟესტს, თუმცა გასულ წლებში, ძალიან ხშირად სოლიდარობა ცინიკური იყო. მე ჩამოვედი აქ, რომ საქართველოს სოლიდარობა გამოვუცხადო მის ძალისხმევაში, ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობა, სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ ამაში. საქართველო რთულ პოზიციაში იმყოფება გასული წლების თვალსაზრისით და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ მხედველობაში, როდესაც ვაფასებთ საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან, მაგრამ, სამწუხაროდ, საპირისპირო ხდება და თქვენი ქვეყანა აღმოჩნდა შეუძლებელი დილემების წინაშე და ძალიან ცინიკური გზით, როგორც ბატონი ყაველაშვილი ამას ეძახის. ამას აკეთებს ბრიუსელის ბიუროკრატია, ევროპული ბიუროკრატია. ისინი ჩემი სახელით ვერ ილაპარაკებენ და არც მივცემ უფლებას, ხორვატიის სახელით ილაპარაკონ.
ამიტომაც აქ პირადად ჩამოვედი და აბსოლუტურად გულახდილად რომ მოგახსენოთ, 2025 წელს არ ყოფილა ვიზიტი ევროკავშირიდან. ბოდიშს ვიხდი ამ გამონათქვამისთვის, მაგრამ ეს სიგიჟეა. მინდა, ჩამოვიდე აქ, მინდა, ჩამოვიდე ქვეყანაში, რომელსაც ადანაშაულებენ პრორუსულობაში, პრომოსკოვურ პოზიციაში, პროპუტინისტურ პოზიციაში, მაგრამ მე სხვა გამოცდილება მაქვს. შეიძლება, ვცდები, მაგრამ ეს არის ქვეყანა, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს მოსკოვთან და აბრალებენ, რომ რუსეთის აგენტია, მე ამას ვერ ვიგებ, ამიტომ გადაწყვიტე, პირადად ჩამოვსულიყავი, რომ მენახა, რა ხდება“, – განაცხადა ზორან მილანოვიჩმა.
ზორან მილანოვიჩმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარდაჭერას იმსახურებს და მისი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი, სწორედ ამ მხარდაჭერის გამოხატვაა.
„მე ჩამოვედი ფართო დელეგაციით. ჩემთან ერთად არიან ეკონომისტები, რომლებიც წამყვან ბიზნესებს წარმოადგენენ ხორვატიაში, სკანდინავიურ ქვეყნებს. მათ ძალიან აინტერესებთ საქართველოს ბაზარი, კავკასიის ეს ზონა. ჩემი და ყველა ხორვატის სოლიდარობა საქართველოსთან კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ვთლი, რომ შეძლებთ მშვიდობიანად აღიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა.
ყველაფერი შესაძლებელია დღევანდელ სამყაროში. ამიტომაც ვიმყოფები აქ ჩემს მეგობრებთან ერთად. ზოგიერთს წლების ვიცნობ. მანამდე არ შევხვედრილვარ პრეზიდენტ ყაველაშვილს. უკვე შევხვდით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები იქნება ძალიან მაღალ დონეზე. ნება მომეცით დავასრულო, ამ ერს მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი ჰყავდა. ამავე დროს, ყველაზე წინ წასულ ევროპულ ქვეყნებს არ გააჩნდათ ასეთი დონის ლიტერატურა და ხელოვნება და ქაღალდის ფურცელზე წერდნენ. საქართველო იმსახურებს გაგებას, მხარდაჭერას და ამისთვის ვიმყოფები აქ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.