11 თებ 2026
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. მინისტრი 112-ის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
გეკა გელაძემ ცენტრის ეფექტიან მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და ისინი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ,მინისტრმა ხაზი გაუსვა 112-ის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფაში და ცენტრის ყველა თანამშრომელს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის დირექტორმა კი ღონისძიებაზე ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, გეკა გელაძემ 112-ის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად არის აღჭურვილი. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თანამშრომლების სამუშაო გარემოს, რაც ცენტრის სამომავლო საქმიანობის ეფექტიანობაზე დადებითად აისახება.
112-ის დღე, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.