საქართველო მოწინავეა სხვადასხვა მიმართულებით და ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა კორუფციის სიმცირე, ჩვენ ვუსწრებთ არა მხოლოდ ყველა კანდიდატ ქვეყანას, არამედ ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას სხვადასხვა რეიტინგით - პრემიერი

10 თებ 2026

ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე სხვადასხვა მიმართულებით და ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა კორუფციის სიმცირე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები, მათ შორის, გადაწყვეტილებები - მთავრობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ასევე ტენდერების გამჭვირვალობასთან, პირდაპირი პრივატიზაციის პრაქტიკის აღმოფხვრასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ქვეყანაში კორუფციის მაქსიმალურად აღმოფხვრას და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. 

„ჩვენ ვუსწრებთ არამხოლოდ ყველა კანდიდატ ქვეყანას, არამედ ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით დამატებით. როგორც მოგეხსენებათ, შარშანდელი წელი იყო გამორჩეული ამ კუთხით და ვგულისხმობ არამხოლოდ იმ სასჯელებს, რომლებიც დადგა კონკრეტული ადამიანების მიმართ კორუფციული ბრალდებების გამო, არამედ, პირველ რიგში, ვგულისხმობ იმ ზომებს, რომლებიც მიღებული იქნა მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის, კორუფციის აღმოფხვრისთვის. ეს იყო მთავრობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, ტენდერების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, ეს იყო პირდაპირი პრივატიზაციის პრაქტიკის აღმოფხვრა და ა.შ. ყველა მიმართულებით მივიღეთ კონკრეტული ზომები იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში კორუფცია და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა,“- განაცხადა პრემიერმა.