წყლის სექტორის განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამართული სისტემა ნიშნავს მეტ ტურისტს, ძლიერ წარმოებას და სოფლის მეურნეობას, ჯანსაღ გარემოს ბიზნესისთვის, საბოლოოდ კი - მეტ კეთილდღეობას მოქალაქეებისთვის.
„დღევანდელი ფორუმი არის ადგილი, სადაც ჩვენ ერთად ვაყალიბებთ ამგვარი მომავლის ხედვას. აქ შეკრებილი პროფესიონალები, საერთაშორისო პარტნიორები და გადაწყვეტილების მიმღები პირები ვერთიანდებით ერთი იდეის გარშემო - წყლის რესურსის სწორი მართვა საქართველოს ძლიერებისა და განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „აქუალიას“ პარტნიორობისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზატორს - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ და ფორუმის თითოეულ მონაწილეს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ჩვენი უცხოელი მეგობრების ჩართულობა ამ პროცესში წარმატების უმნიშვნელოვანესი გარანტია“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმს ვმასპინძლობთ. წყალი ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული სიმდიდრეა. 21-ე საუკუნეში, როდესაც წყლის რესურსის ამოწურვა გლობალურ გამოწვევად იქცა, წყლის მნიშვნელობა გაცილებით უფრო დიდია – ეს არის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ჩვენი მოქალაქეების ღირსეული ცხოვრების საფუძველი. საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განკარგოს სახელმწიფომ საკუთარი ბუნებრივი რესურსი გონივრულად და სუვერენულად.
ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია არსებული გამოწვევების დაძლევა და ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური განახლება. ამოცანა, რომ თითოეულ ოჯახს ჰქონდეს წვდომა უსაფრთხო სასმელ წყალზე 24 საათის განმავლობაში, მოითხოვს ათასობით კილომეტრის მოძველებული მილების შეცვლას, ახალი გამწმენდი ნაგებობების მშენებლობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ეს არის მასშტაბური სამუშაო, რომელიც დიდ ძალისხმევას და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ვირჩევთ განვითარების პრაგმატულ გზას. ჩვენი პარტნიორობა გლობალურ ლიდერ კომპანია „აქუალიასთან“ სწორედ ამ ინტერესს ემსახურება. ეს თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომს ხდის დარგის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას. ეს თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ქართული წყლის სექტორი ვითარდება ევროპული სტანდარტებით, რაც საბოლოოდ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.
ჩვენი მიდგომაა სამართლიანობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ზედამხედველობა და ინვესტიციების მიმართვა სისტემის რეალური გაჯანსაღებისკენ. ჩვენ ვქმნით მყარ საფუძველს იმისთვის, რომ მომავალ თაობებს დავუტოვოთ გამართული, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.