09 თებ 2026
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის საქმიანობის ანგარიში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით.
კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ კომიტეტის დაინტერესებულია სტატისტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის განხილვით, რადგან სტატისტიკა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და სწორად ნაწარმოები სტატისტიკური მონაცემები ქვეყნის მაჯისცემას ასახავს.
საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ წარადგინა სტატისტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. ხაზი გაესვა საქსტატის მთლიანად ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი ისევ კომბინირებულ მეთოდს იყენებს.
მომხსენებლის თქმით, 2024-2025 წლები მეტწილად დაეთმო მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერას და ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო პირველი სრულიად ელექტრონული აღწერა.
გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა მონაცემთა ხელმისაწვდომობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და მონაცემთა ალტერნატიული მეთოდების გამოყენების მიმართულებაზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროსტატთან ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.