09 თებ 2026
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ტექნიკური საგნები, დანარჩენი არატექნიკური საგნები კი, მილევად რეჟიმში იქნება.
„ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის“ შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა, შესაბამის პროგრამაში შედიოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში.
შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი. რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩებიან მილევად რეჟიმში. შესაბამისად, ამ წლიდან უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, შენობებს რაც შეეხება, ზოგადი პრინციპი არის შემდეგი – თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით.
რექტორებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად პრემიერმა აღნიშნა, რომ ვინაიდან აღარ ცხადდება რეორგანიზაცია, შერწყმა, შესაბამისად, აღარ არის დროებითი მმართველობის დანიშვნის საჭიროება და ყველაფერი რჩება ისე, როგორც იყო.
„რაც შეეხება რექტორებს, გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტები რჩება, რექტორებიც რჩებიან, თუ ისინი არ მიიღებენ სხვა გადაწყვეტილებას, ან თუ შესაბამისი პროცედურებით არ მიიღება სხვა გადაწყვეტილება. ამას აქვს თავისი პროცედურები, ამიტომ ვამბობ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი საერთოდ არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ აღარ ცხადდება რეორგანიზაცია, შერწყმა, შესაბამისად, აღარ არის დროებითი მმართველობის დანიშვნის საჭიროება, ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის.
შენობებს რაც შეეხება, ზოგადი პრინციპი არის შემდეგი – თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით. მაგალითად, თსუ-ს შემთხვევაში, ცალსახად აღვნიშნეთ, რომ ბუნებრივია, ვერ შევეხებით და არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში პირველ და მეორე კორპუსებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს შენობები არის თსუ-ს იდენტობის განუყოფელი ნაწილი. ასევე სამედიცინო უნივერსიტეტსაც არ ვეხებით, ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის. რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტს, დღეს გვქონდა ამაზე საუბარი, გვექნება მსჯელობა კონკრეტულად შენობებთან დაკავშირებით ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, აკადემიურ საბჭოსთან და ამის საფუძველზე შეგვიძლია, შევჯერდეთ საერთო გადაწყვეტილებაზე, აქაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონსულტაციების საფუძველზე,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, განათლების სფერო იყო ერთ-ერთი სფერო, სადაც ყველაზე ნაკლების გაკეთება მოვახერხეთ 2012 წლის შემდეგ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - ჩვენი მთავარი მიზანი, საბოლოოდ, არის ერთადერთი რამ, ქართველმა სტუდენტმა უნდა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე ის იღებს დღეს
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შედგა ჯანსაღი დისკუსია.