“როიტერი“-  აშშ-მა და უკრაინამ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მარტში მიღწევის შესაძლებლობა განიხილეს

07 თებ 2026

აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა მარტში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისა და უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს. ინფორმაციას „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, შესაძლოა შეთანხმების ვადამ კიდევ გადაიწიოს, რადგან ტერიტორიის საკითხზე შეთანხმება არ არის მიღწეული.

ასევე მედია წერს, რომ იმ იმ ჩარჩოს მიხედვით, რომელსაც აშშ-ისა და უკრაინის მომლაპარაკებლები განიხილავენ, ნებისმიერი შეთანხმების შესახებ ჩატარდება რეფერენდუმი და მას უკრაინელი ამომრჩეველი დაამტკიცებს, რომელიც ამავდროულად მონაწილეობას მიიღებს ეროვნულ არჩევნებშიც. წყაროების თქმით, აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განიხილეს შესაძლებლობა, რომ ეროვნული არჩევნები და რეფერენდუმი მაისში ჩატარდეს, თუმცა, მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა რამდენიმე წყარომ ეს ვადა წარმოუდგენლად შეაფასა.

„როიტერის“ ცნობით, უკრაინაში ვარაუდობენ, რომ ამჟამინდელ პირობებში არჩევნების ორგანიზებას დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდება. ცნობისთვის, 4-5 თებერვალს აბუ დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, გაეცვალათ 314 ტყვე.