03 თებ 2026
2026 წლის იანვრიდან ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება აჭარის შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციამ, რომელსაც ლევან ცინცაძე უხელმძღვანელებს. ფედერაციის პრეზიდენტმა ნაკრების წევრებთან და სამწვრთნელო შტაბთან შეხვედრა გამართა, სადაც გუნდს მომავალი წლის საშეჯიბრო კალენდარი გააცნო.
საუბარი შეეხო სამომავლო ტურნირებსა და სპორტის ამ სახეობის განვითარების პერსპექტივებს.
ცვლილებები განხორციელდა სამწვრთნელო შტაბშიც. ხვიჩა ქორიძე, რომელიც ბათუმის საბრძოლო აკადემიის და შესაბამისად, აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, მოღვაწეობას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გააგრძელებს, აჭარის ნაკრებს კი MMA-ს სამყაროში ტიტულოვანი მებრძოლი, სხვადასხვა ვერსიით მსოფლიოს სამი საჩემპიონო ქამრის მფლობელი რუსლან ბოლქვაძე გაწვრთნის.
დღეს აჭარის ნაკრები, ეროვნულ გუნდთან ერთად სერბეთში მიემგზავრება, სადაც ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე იასპარეზებს.