ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია - ფინანსთა სამინისტრო

02 თებ 2026

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომლებიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს ცნობით,⁠ ⁠ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია.

„2025 წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠ნომინალურ მაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა მილიარდ ლარს გადააჭარბა; ასევე სიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს თუ შევხედავთ, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠ასევე, აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, „ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობაა“.