02 თებ 2026
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, FITUR 2026-ზე ვიზიტორების განსაკუთრებული ყურადღება მთიანი აჭარის ეკოტურისტულმა ბილიკებმა და სამზარეულომ მიიპყრო.
გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის მენეჯმენტმა საქმიანი შეხვედრები გამართა ესპანეთის წამყვანი მედიასაშუალებების, ტურისტული კომპანიების, დაჯავშნის სისტემებისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგებლებთან.
ესპანეთში აჭარისა და ზოგადად, საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ასევე შეხვდა ცნობილ ინფლუენსერებსა და ბლოგერებს, რომელთა ჩართულობითაც აჭარაში მედიატურების ორგანიზების შესაძლებლობები განიხილეს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „FITUR 2026“-ში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, იმერეთის და სამცხე-ჯავახეთის დმო-ებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.
მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR 2026 ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა ევროპაში. წელს მასზე 161 ქვეყნის 10,000-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი. გამოფენას 150 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.