02 თებ 2026
ბრიტანეთის ყოფილმა მინისტრმა, პიტერ მანდელსონმა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ლეიბორისტული პარტია დატოვა მას შემდეგ, რაც ახალი ინფორმაცია გავრცელდა ჯეფრი ეპშტეინთან მისი კავშირების შესახებ.
მანდელსონმა განაცხადა, რომ არ სურს ლეიბორისტული პარტიისთვის „შემდგომი უხერხულობის“ შექმნა. პიტერ მანდელსონი ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეპშტეინისგან ფულადი გადარიცხვები მიიღო.
გასულ წელს შეერთებული შტატების კონგრესის წევრებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტები, მათ შორის წერილი, სადაც მანდელსონი ეპშტეინს „საუკეთესო მეგობარს” უწოდებდა. ამის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა იგი ვაშინგტონში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
პიტერ მანდელსონი 2025 წლის 10 თებერვლიდან აშშ-ში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობაზე მუშაობდა. სხვადასხვა პერიოდში იყო ჩრდილოეთ ირლანდიის სახელმწიფო მდივანი, ბიზნესისა და ინოვაციების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პირველი სახელმწიფო მდივანი და საგარეო ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი.