02 თებ 2026
პარლამენტი დღეს კიდევ ერთ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება.
საკითხს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც მოქმედი კანონით თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე, დაგეგმილი ცვლილებებით კი პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება და სამსახურის ხელმძღვანელი ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. ამასთან, პრემიერს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, იურიდიული დახმარების საბჭო 9 წევრის ნაცვლად, 7 წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდება. მათგან 2 წევრი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები იქნებიან, თითო წევრი კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გენერალური პროკურორი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, სახალხო დამცველი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.